სსიპ “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” აღმასრულებელი საბჭო ბოლო დროის განმავლობაში კონკრეტული ადვოკატების მიმართ განხორცილებული ზეწოლის, დაკავებისა და ამ საკითხებზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და დაუშვებლად მიიჩნევს ნებისმიერ ქმედებას, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადვოკატის პროფესიის დამოუკიდებლობას და ადვოკატთა ერთიანი ასოციაციის მიმართ ნდობას.
უპირველესად, აღვნიშნავთ, რომ ადვოკატი, როგორც თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელი, მოქმედებს მისი კლიენტის, დაცვის ქვეშ მყოფი პირის კანონიერი ინტერესების, არსებული კანონმდებლობის მოთხოვნების და ადვოკატთა პროფესიული ქცევის წესების შესაბამისად. ამასთან, ადვოკატს, როგორც სამართალწარმოების თანასწორ სუბიექტს, თავისი კლიენტის ინტრესების დაცვასთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი გააჩნია ხარისხიან მართლმსაჯულების განხორცილებისა და სამართლის უზენაესობის დამკვიდრების პროცესში.
ზემოაღნიშნული ფუნქციების სრულყოფილად განხორცილების მიზნით, ადვოკატი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და მასზე რაიმე სახის ზეწოლა თუ საქმიანობისათვის ხელშეშლა დაუშვებელია. საადვოკატო საქმიანობის დამოუკიდებლობისა და ჩაურევლობის სტანდარტები აღიარებულია, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ისე ევროკავშირისა და ევროსაბჭოს სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტებში. საადვოკატო საქმიანობის განხორცილების გარკვეული გარანტიები აგრეთვე, განმტკიცებულია საქართველოს ეროვნული კანონმდებლობით.
აღვნიშნავთ, რომ ადვოკატთა საქმიანობის განხორცილებისას არსებული გარანტიები არ ათავისუფლებს ადვოკატს პასუხისმგებლობისაგან, როცა საქმე კანონდარღვევას ანდა დანაშაულს ეხება. შესაბამისად, ადვოკატის სტატუსი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას იმუნიტეტად პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად, თუმცა საგამოძიებო და მართლმსაჯულების ორგანოები განსაკუთრებული სიფრთხილით და დასაბუთებულობის ყველაზე მაღალი სტანდარტით უნდა მოქმედებდნენ, როცა საქმე ადვოკატის ბრალდებას ეხება, იმ შემთხვევაშიც კი როცა ადვოკატის ქმედება საადვოკატო უფლებამოსილების განხორცილებას არ უკავშირდება.
საგამოძიებო ორგანოები და სასამართლო ადვოკატის დაკავების, მისი პირადი, საცხოვრებელი სახლის, სამუშაო ადგილის თუ კომპიუტერის ჩხრეკის და აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა დარწმუნდნენ, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმდებები და საპროცესო ზომები წარმოადგენს გამოძიების ინტერესებისათვის უკიდურესად აუცილებელ და გარდაუვალ ღონისძიებებს, რომელთა გამოყენების გარეშე რეალური საფრთხე ექმნება მართლმსაჯულების აღსრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ადვოკატის მიმართ ასეთი ღონისძიებების გამოყენება არ შეესაბამება ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობის გარანტიებს და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს არა მარტო ადვოკატს, არამედ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების, კლიენტების და ზოგადად მართლმსაჯულების ინტერესებს.
განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს პროკურატურის მხრიდან ადვოკატის დაკავების და მის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის ფაქტი, ისეთ არაძალადობრივ დანაშაულზე, როგორც ე.წ. “თეთრი საყელოს” დანაშაულია, რომელ დანაშაულებზედაც თავად მთავარი პროკურატურის მიერ იქნა გაცხადებული წინასწარი პატიმრობის არგამოყენების პრაქტიკის და ბრალდებულის ალტერნატიული მონიტორინგის მექანიზმის დამკვიდრების თაობაზე.
ბოლო პერიოდში ადგილი ჰქონდა ადვოკატის წარმოებაში არსებულ საქმეზე მისი მოწმედ დაბარების, ადვოკატზე ფიზიკური ზეწოლის და ადვოკატის საქმიანობაში ჩარევის ფაქტებს, რომელი ფაქტებიც დეტალურადაა აღწერილი ევრობის ადვოკატთა ასოციაციების და იურიდიული საზოგადოებების საბჭოს (CCBE) პრეზიდენტის წერილში საქართველოს ხელისუფლების მიმართ, თუმცა სამწუხაროდ დღემდე არ ხდება აღნიშნული ფაქტების ეფექტიანი გამოძიება.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ყველა ადვოკატი კანონის წინაშე თანასწორია. ადვოკატთა ასოციაციის წესდებით, ადვოკატის უფლებებისა და პროფესიული თავისუფლებების დაცვა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პირდაპირი მოვალეობაა, მიუხედავად იმის თუ რა საქმიანობით იყო დაკავებული ესა თუ ის პირი ადვოკატის სტატუსის მიღებამდე.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს მიაჩნია, რომ კონკრეტული საქმეების პოლიტიკურ კონტექსტში განხილვა არ შეესაბამება მართლმსაჯულების ინტერესებს და მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს და უპირველეს ყოვლისა ადვოკატთა ასოციაციის წევრებს თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი, შეურაცხმყოფელი, არაკოლეგიალური და პოლიტიკური ხასიათის განცხადებებისაგან, რომელიც საფრთხეს უქმნის ადვოკატის დამოუკიდებლობას, ადვოკატის პროფესიისადმი საზოგადოების ნდობას და არღვევს კონკრეტული პირების უდანაშაულობის პრეზუმფცია.
მიგვაჩნია, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მხრიდან კონკრეტული ადვოკატის მხარდამჭერი პოზიციის დაფიქსირება შეესაბამება ადვოკატის უფლებების დაცვის მიზნით ასოციაციის თავმჯდომარის უფლებამოსილებას, რაც გათვალისწინებული ადვოკატთა ასოციაციის წესდებით. ამასთან, ნებისმიერი სხვა პირის, მით უფრო ადვოკატის მხრიდან, ასოციაციის თავმჯდომარის მისამართით დაუსაბუთებელი და შეურაცხმყოფელი ფაქტების გავრცელება შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც ადვოკატთა დამოუკიდებელი და ერთიანი პროფესიული გაერთიანების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.